რევაზ სოხაძე ქალაქ ჯვარში მდინარე მაგანაზე არსებული ვანტური ხიდის მდგომარეობას გაეცნო.
21 თებერვალი 2026
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ილია ინჯიასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და „ენგური ატრაქციის“ დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანაზე არსებული ვანტური ხიდის მდგომარეობას გაეცნო.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაიწყებს ხიდის რეაბილიტაციისა და მისი ტურისტულ ატრაქციად ჩამოყალიბების პროექტზე მუშაობას.
80 მეტრის სიგრძის ისტორიული საფეხმავლო ხიდი 1931-1932 წლებშია აგებული და ამჟამად დაზიანებულია. 60-იან წლებამდე, ენგურჰესის მშენებელთა მიერ ახალი ხიდის აშენებამდე, იყო სამეგრელოსა და ზემო სვანეთის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. ახალი ხიდის აშენების შემდეგ მას მხოლოდ საფეხმავლო ფუნქცია დარჩა.
2025 წლის 10 სექტემბერს, ხიდს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ხიდით ახლაც ინტერესდებიან ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები.
ხიდი ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი ვანტური ხიდია - დაკიდებული ხიდის სახეობა, რომლის პილონები შეერთებულაი ხიდის ვაკისთან ფოლადის ბაგირებით – ვანტებით.